უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ეს იქნებოდა უნგრელი ერის ღალატი, ამ კონსტიტუციას რომ არ შევხებოდით“, – განაცხადა მადიარმა პარლამენტში კენჭისყრის დაწყებამდე.
ცვლილებას მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა 199-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში.
„მათ [„ფიდესმა“] ქვეყანა ისე მოაწყვეს, რომ საკანონმდებლო საქმიანობის წყარო ერთი ადამიანის ნება გახდა… „ტისამ“ მიიღო მკაფიო, უზარმაზარი ორმესამედიანი მანდატი ამ სისტემის დასაშლელად“, – აღნიშნა მადიარმა.
საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ შულიოკის უფლებამოსილებას დაუყოვნებლივ შეწყვეტს. ამის საფუძვლად კი მის მიმართ საზოგადოების მხრიდან „ნდობის სერიოზული დაკარგვა“ სახელდება.
მადიარმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე უნგრელ ხალხთან ერთად დაიწყება „მასშტაბური ერთობლივი პროექტი“ ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად.
მისივე თქმით, თუ შულიოკი ხუთ დღეში ხელს არ მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.
