საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ევთანაზია დააკანონა. შესაბამის კანონპროექტს მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 241 იყო.
ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის განუკურნებელი დაავადებები აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.
ადამიანმა, რომელსაც სიცოცხლის დასრულება სურს, ექიმების კომისიისგან ნებართვის მიღების შემდეგ და დამატებითი ვადის გასვლის მერე (რომლის დროსაც მას გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია), სასიკვდილო ინიექცია თავად უნდა გაიკეთოს.
ექიმს ან მედდას ინიექციის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ პაციენტს ამის დამოუკიდებლად გაკეთება ფიზიკურად არ შეუძლია.
საფრანგეთი გახდა მე-11 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სიცოცხლის ნებაყოფლობითი დასრულება ლეგალიზებულია. ევროპაში ევთანაზია ასევე ნებადართულია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, პორტუგალიასა და ესპანეთში.
