პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 2020 წლის ზაფხულის მოვლენები გაიხსენა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მიმართ არსებული ორმაგი სტანდარტები მკაცრად გააკრიტიკა.
სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. „ჯორჯ ფლოიდის საპროტესტო აქციებზე“ და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც კრიმინალები და ექსტრემისტები ამერიკის დიდ ქალაქებს „ცეცხლს უკიდებდნენ და ძარცვავდნენ“, რამაც ქვეყანა კრიზისის ზღვარზე მიიყვანა, ადგილობრივი ხელისუფლებები ძალადობრივი ქმედებების მონაწილეთა დასჯაზე უარს ამბობდნენ.
რუბიომ ხაზი გაუსვა მედიის პასუხისმგებლობას და აღნიშნა: „ეს არის მიზეზი იმ ცნობილი კადრისა, ალბათ ყველას გახსოვთ ეს – გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს წამყვანი დგას ცეცხლის ალში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ზოლზე წარწერა ამბობს, რომ პროტესტი „ძირითადად მშვიდობიანია“.
სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს გაცილებით მძიმე მოვლენა იყო, ვიდრე უბრალო ორმაგი სტანდარტი: „ეს იყო რაღაც ორმაგ სტანდარტზე უარესი. მემარცხენე ძალადობას არა მხოლოდ ამართლებდნენ, არამედ მას ეპყრობოდნენ, როგორც ხელშეუხებელს, როგორც დაცულ კლასს. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს“.
რუბიოს განცხადებით, პოლიტიკური ძალადობისადმი მსგავსი ლოიალური დამოკიდებულება ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ ბოროტების წინააღმდეგ ერთიანი პოზიცია უნდა დაიკავოს.
