გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადა და ტერორისტული საფრთხის დონე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ დობრინდტმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია შესაძლო საფრთხეების შესახებ მიღებული შეტყობინებებისა და სადაზვერვო მონაცემების რაოდენობის ზრდით.
დობრინდტის თქმით, ეს ფაქტორები მას აიძულებს, მანამდე არსებული აბსტრაქტული საფრთხის დონე მაღალ დონედ შეაფასოს. მინისტრი ხაზს უსვამს, რომ გერმანიაში ტერორისტული აქტების რისკი ნებისმიერ მომენტში არსებობს. მისივე თქმით, ქვეყანაზე თავდასხმების გეგმები აშკარაა და საფრთხე შესაძლოა მიმართული იყოს როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ისე ცალკეული პირების თუ დაწესებულებების წინააღმდეგ.
ვითარების გათვალისწინებით, ალექსანდრ დობრინდტმა სადაზვერვო ორგანოების მუშაობის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მინისტრის განცხადებით, მიზანი არსებული სტრუქტურების უფრო ეფექტურ სადაზვერვო სამსახურებად გარდაქმნაა, რათა მათ შეძლონ საფრთხეებზე უფრო სწრაფად რეაგირება და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
