2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მხოლოდ სპორტული შედეგებით არ შევა. ტურნირი არაერთი პოლიტიკური და დიპლომატიური სკანდალის ფონზე მიმდინარეობს, რომელმაც FIFA-ს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ეჭვქვეშ დააყენა.
უპრეცედენტო გადაწყვეტილება: წითელი ბარათი დისკვალიფიკაციის გარეშე
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდი ამერიკის ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნს უკავშირდება.
ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ფეხბურთელს წესების მიხედვით მომდევნო შეხვედრა, ბელგიასთან, უნდა გამოეტოვებინა. თუმცა FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დისკვალიფიკაციის შესრულება ერთი წლით გადაავადა.

ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც წითელი ბარათი ავტომატურ დისკვალიფიკაციას არ ნიშნავდა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქმის ხელახლა განხილვა თავად მოითხოვა და FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს “დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის” მადლობა გადაუხადა.

ტრამპის თქმით, მისი შეფასებით, ეპიზოდი განზრახ უხეშ თამაშს არ წარმოადგენდა და ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია მსოფლიო ჩემპიონატს “დიდ ლაქად დააჩნდებოდა”.
ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ტრამპთან აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო საუბარი მართლაც ჰქონდა. მისი განმარტებით, მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაცია FIFA-ს პრეზიდენტის საქმიანობის ნაწილია, ხოლო ტრამპს მხოლოდ ის აუხსნა, რომ საქმე განხილვის პროცესში იყო. ინფანტინოს თქმით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ ეცნობა და მათ დამოუკიდებლობას პატივს სცემს.
თუმცა ამ განმარტებამ კრიტიკოსები ვერ დაარწმუნა.
მათი შეფასებით, ამერიკის პრეზიდენტის სატელეფონო ზარის შემდეგ შეცვლილი გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა და სპორტის დამოუკიდებლობისთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის.
კრიტიკოსები სვამენ კითხვას: თუ საზოგადოებას გაუჩნდება შთაბეჭდილება, რომ გავლენიან პოლიტიკოსებს სადისციპლინო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ეს FIFA-სა და მთელი ტურნირის სანდოობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
ამ ფონზე სპორტულ თემებზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართა და FIFA-ს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაძლო დარღვევის შესწავლა მოითხოვა.
არგენტინის პოლიტიკური ბანერი და ბრიტანეთის პროტესტი
FIFA-ს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი არგენტინისა და ინგლისის ნახევარფინალის დასრულების შემდეგ.
მატჩის შემდეგ არგენტინის ფეხბურთელებმა სტადიონზე ბანერი გამოფინეს წარწერით: „მალვინები (ფოლკლენდის კუნძულები) არგენტინას ეკუთვნის.“

ინციდენტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი FIFA-სგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, პიტერ კაილის შეფასებით, არგენტინის ნაკრების ქმედება ფეხბურთში პოლიტიკური აქტივობის აკრძალვის წესს ეწინააღმდეგება და მის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
FIFA-მ გამოძიების დაწყება უკვე დაადასტურა, თუმცა ჯანი ინფანტინოს განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
სპორტული ეპიზოდი, რომელიც დიპლომატიურ კრიზისად იქცა
პოლიტოლოგების შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა სპორტულ კონტექსტს მნიშვნელოვნად გასცდა.
ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულების საკითხზე დიდი ბრიტანეთი და არგენტინა ათწლეულებია დავობენ. არქიპელაგს დიდი ბრიტანეთი მე-19 საუკუნიდან აკონტროლებს, ხოლო არგენტინა მას საკუთარ სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს.
ამ საკითხზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაპირისპირება უკვე მრავალი წელია გრძელდება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის შემდეგ გამოფენილმა ბანერმა დიპლომატიური დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.
ბრალდებები მსაჯების მიკერძოებულობაზე
არგენტინის ნაკრების გარშემო დავა ამით არ დასრულებულა.
მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში არაერთხელ გაისმა ბრალდებები, თითქოს FIFA არგენტინას მსაჯობის კუთხით შეღავათიან პირობებში აყენებდა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნახევარფინალზე ამერიკელი არბიტრის, ისმაილ ელფათის, დანიშვნამ. ბრიტანული მედიის ნაწილი მას “მესის ფავორიტ მსაჯსაც” კი უწოდებდა, რადგან ელფათის განსჯილ შეხვედრებში ლიონელ მესის ნაკრებს მარცხი არასდროს განუცდია.

FIFA-მ კონკრეტულ ბრალდებებს პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯებზე არავინ ახდენს გავლენას და მათი დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია.
ახალი დისკუსია ფინალის წინ
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს სლოვენიელი არბიტრი სლავკო ვინჩიჩი განსჯის.
მედიის ნაწილი აღნიშნავს, რომ ვინჩიჩს არგენტინის არაერთი მატჩი აქვს განსჯილი, თუმცა ამავე დროს სწორედ ის იყო მთავარი მსაჯი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა.

ზოგი გამოცემა მიიჩნევს, რომ FIFA-ს ეს არჩევანი მიკერძოებულობის შესახებ გავრცელებული ბრალდებების თავიდან აცილების მცდელობადაც შეიძლება შეფასდეს.
საბოლოოდ, უცნობია, რა კრიტერიუმებით შეირჩა ფინალის არბიტრი. ერთი კი ნათელია: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება არა მხოლოდ ახალი მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა, არამედ მომდევნო კვირებში FIFA-ს არაერთ პოლიტიკურად მგრძნობიარე გადაწყვეტილებაზეც მოუწევს პასუხის გაცემა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სავარაუდოდ, ისტორიაში შევა არა მხოლოდ სპორტული შედეგებით, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური სკანდალებითაც, რომლებიც საფეხბურთო მოედნის ფარგლებს მნიშვნელოვნად გასცდა.
