მოლდოვის პარლამენტმა, ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით, ახალი მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვასილე ტოფანის კანდიდატურას 53-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციურმა ფრაქციებმა კი კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
101-წევრიან პარლამენტში უმრავლესობას პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ფლობს.
საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის პროგრამის წარდგენისას ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტებად დაასახელა ეკონომიკის გაჯანსაღება და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნება.
„ჩვენს სამთავრობო პროგრამას „ევროპული ეკონომიკა, ეფექტიანი სახელმწიფო“ ჰქვია. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვიმუშავებთ და გვსურს, საზოგადოებამ ამ ვალდებულებების შესრულების მიხედვით შეგვაფასოს“, – განაცხადა ტოფანმა პარლამენტში გამოსვლისას.
მისივე თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, 2028 წლის ბოლომდე ხელი მოეწეროს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას, ხოლო 2030 წლისთვის ქვეყანა სრულად იყოს მზად ბლოკში ინტეგრაციისთვის. ამ გეგმის მისაღწევად მინისტრთა კაბინეტი ევროკავშირთან მოლაპარაკებების ყველა მიმართულების მიმდინარე წელსვე გახსნას გეგმავს.
ცნობისთვის, ვასილე ტოფანმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალექსანდრუ მუნტეანუ შეცვალა. მუნტეანუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას რვა თვის განმავლობაში იკავებდა. მან გადადგომის შესახებ 3 ივლისს განაცხადა.
