ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავებისკენ მოუწოდებს, თუ ის ამერიკაში ვიზიტით ჩამოვა.
როგორც მამდანიმ ვიდეომიმართვის დროს აღნიშნა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2024 წელს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სასამართლოს მტკიცებით, ისრაელის პრემიერს პალესტინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.
„ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიუ-იორკში არ მიესალმებიან, ისევე როგორც სხვა სამხედრო დამნაშავეებს. როგორც აღვნიშნე ვეთანხმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმაში, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ უნდა დააკავონ და გაასამართლონ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, როგორც ეს სხვების შემთხვევაში ხდება“, – განაცხადა მამდანიმ.
მისი თქმით, ნიუ-იორკის მერიის ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუს დაკავების ყველა სავარაუდო ვარიანტი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ამის სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს.
როგორც მამდანიმ თქვა, ნეთანიაჰუს დაკავების სამართლებრივი ბერკეტი აქვს მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას. მან აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი და დააკავოს ის.
