სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ჯანდაცვის მინისტრებთან, გვესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დააახლოებს ჩვენს ორ ქვეყანას ერთმანეთთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში შეხვედრების შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან – პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე – ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ცხადია, აქცენტი გაკეთდა ქართულ ღვინოზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ქართული ღვინის ექსპორტს სინგაპურში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სინგაპურის კერძო და საინვესტიციო სექტორთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალზე.
„კერძო სექტორის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, რამდენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
