აშშ-მა და საუდის არაბეთმა სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ავრცელებს.
შეთანხმება სამეფოს საშუალებას მისცემს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ააშენოს ბირთვული რეაქტორები და თავად გაამდიდროს ურანი.
მედიის ცნობით, სამოქალაქო ბირთვული შეთანხმების გაფორმებაზე საუდის არაბეთთან მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის, ისე ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში.
თუმცა აქამდე შეთანხმება ვერ შედგა, ნაწილობრივ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გაფრთხილებების გამო, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ასეთი შეთანხმება საუდის არაბეთს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას გაუხსნიდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხილული გეგმისგან განსხვავებით, ახალი შეთანხმება არ მოიცავს ე.წ. დამატებით პროტოკოლს, რომელიც გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოულოდნელი და ფართო მასშტაბის ინსპექტირების ჩატარების უფლებას აძლევს.
