საფრანგეთმა მასშტაბურ ხანძრებთან გასამკლავებლად დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს.
მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ საფრნაგეთს ხორვატია, პორტუგალია, ჩეხეთი და სლოვაკეთი დაეხმარებიან, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.
„ქვეყანაში, განსაკუთრებით ჟირონდაში, მძვინვარე ხანძრების ფონზე ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია. ჩემი ფიქრები ჩვენს მეხანძრეებსა და სამაშველო ძალებთანაა, რომლებიც ხანძრის ფრონტზე იბრძვიან. მათი გამბედაობა პატივისცემას იმსახურებს. საფრანგეთმა მოითხოვა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურება. მალე შეგვეძლება, იმედი გვქონდეს ორი ხორვატული Canadair-ის თვითმფრინავის, ორი პორტუგალიური Air Tractor-ის თვითმფრინავის, ასევე ჩეხეთისა და სლოვაკეთისგან ორი მძიმე Black Hawk-ის ვერტმფრენის. ეს კონკრეტული, სწრაფი და ოპერატიული სოლიდარობა ძვირფასი ძალაა ამ განსაცდელში. მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მათი სოლიდარობისთვის“, – წერს ემანუელ მაკრონი.
ცნობითვის, საფრანგეთში, რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
