ბელგიის პოლიციამ ევროპაში მოკავშირეთა ძალების ნატოს სტრატეგიულ შტაბ-ბინაში (SHAPE) მომუშავე სტაჟიორი დააკავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
დაკავებულს ბრალად ედება „მესამე ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა“, – ნათქვამია ბელგიის ფედერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სტაჟიორი, რომელიც წარმოშობით ჩინელია და კანადის მოქალაქეა, ბელგიის ქალაქ მონსში მდებარე ნატოს ოპერაციების სტრატეგიული სარდლობის უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ხუთშაბათს მისი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ოთახი გაჩხრიკეს.
ბელგიის პროკურატურას დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაშია ეჭვმიტანილი დაკავებული ქალი, არ გაუსაჯაროებია.
კომენტარები
