კანადა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ტყე იწვის დასავლეთ კანადაში. ანალოგიური ვითარებაა ონტარიოში.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ვითარება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ ხანძრების სეზონად შეაფასა.
როგორც სააგენტო იუწყება, ხანძრების გაჩენის მთავარი მიზეზი ელვებია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბრიტანულ კოლუმბიაში 34 000-მდე ელვა დაფიქსირდა. პროვინციის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გაუსაძლისმა სიცხეებმა და გვალვამ, შესაძლოა, უკვე არსებული ხანძრების გაფართოება გამოიწვიონ.
„ამინდის პროგნოზი შორს არის ხელსაყრელისგან. უახლოეს მომავალში ბუნებისგან არსებით დახმარებას საერთოდ არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ჰიუ მერდოკმა.
