26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა. დაშავდა 3 ადამიანი.
დნეპროპეტროვსკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიში მიიტანეს ნიკოპოლის, პავლორადისა და კრივოი-როგის რაიონებზე. პავლორადში თავდასხმის შედეგად 66 წლის კაცი დაშავდა. კრივოი-როგში ხანძარი სავაჭრო ცენტრში გაჩნდა.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა რეგიონზე 28 ავია და 240 არტილერიული დარტყმა განახორციელეს, იერიში მიიტანეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 8-ჯერ და ასევე გამოიყენეს სხვადასხვა მოდიფიკაციის 755 დრონი. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა.
