უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების თემაზე Sky News-ს ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფედოროვს, ისევე, როგორც შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს პატივს სცემს, თუმცა მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციების წარმატებით ჩატარება მხოლოდ ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფედოროვსა და სირსკის შორის არსებული კონფლიქტი და აღნიშნა, რომ ომის პერიოდში უწყებებს შორის კონფლიქტების მოგვარებაზე დრო არ უნდა იხარჯებოდეს.
„თუ გსურთ ამ ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება, უნდა გაიგოთ: უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეომარი, ეს არის ჯარისკაცი. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ არის, თუ ის უკან გარბის, ან თუ თვლით, რომ მხოლოდ დრონების გამოყენება შეგიძლიათ და ჯარისკაცები არ გჭირდებათ, მაშინ დამარცხდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ქალაქებში კი მიხაილ ფედოროვის გათავისუფლებას ამ დრომდე აპროტესტებენ. საპროტესტო აქციები ამჯერად კიევსა და ლვოვში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვეს.
