ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ესპანეთი და პირენეს ნახევარკუნძული კლიმატის კრიზისის შედეგებს განიცდიან. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ესპანეთში, მადრიდის დასავლეთით ტყის ხანძრების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა სანჩესის თქმით, „წინ კვლავ მძიმე საათებია“.
„წინ რთული საათები გველოდება, თუმცა ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ გასული ღამე ხანძრის ლოკალიზების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური იყო“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთი და პორტუგალია კლიმატის კრიზისის სხვადასხვა შედეგს აწყდებიან – ტყის ხანძრებს, შტორმებსა და ძლიერ თოვას.
„მთელი პირენეს ნახევარკუნძული კლიმატური საგანგებო მდგომარეობის შედეგებს განსაკუთრებით მწვავედ განიცდის“, – აღნიშნა სანჩესმა.
ცნობისთვის, 24 ივლისს, მადრიდის შემოგარენში ტყის ხანძრების გამო, რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ფართომასშტაბიან ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ესპანეთმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართა. ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც. ამჟამად ყველაზე მასშტაბური კერა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია, სადაც ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დახმარებისთვის ევროკავშირს საფრანგეთმაც მიმართა.
