ლინდსი გრემს ომი უყვარდა. ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მაგრამ მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია. ის ამ საკითხით ძალიან იყო გატაცებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ლინდსი გრემი „სამხედრო სფეროს გაძლიერების მტკიცე მხარდამჭერი იყო“.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს „კარგი მიზეზების“ გამო ხდებოდა და პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გრემი მას ჯარის გაძლიერებაში ეხმარებოდა.
ამასთან, ტრამპის თქმით, ბოლო პერიოდში გრემი ირანთან შეთანხმების მომხრე იყო და აღნიშნავდა, რომ შეთანხმების დადებისთვის კარგი დრო იყო.
„ლინდსის შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა – ირანის საკითხზე ის, როგორც იტყვიან, ყოველთვის ძალიან მკაცრი პოზიციის იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოზიცია შეიცვალა. ფიქრობდა, რომ შეთანხმების მიღწევა თუ შესაძლებელია, ამ შემთხვევაში გარიგების დადება უკეთესია, ვიდრე ქვეყნის დარჩენილი ნაწილის უბრალოდ განადგურება“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლინდსი გრემს უფრო „მებრძოლი“ და ხისტი პოზიცია ჰქონდა და ის მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა.
ამასთან, ტრამპმა გრემს უწოდა „დიდი პოლიტიკოსი“, რომელსაც „ადამიანების გაერთიანება შეეძლო“.
„ჩვენი ურთიერთობა ცოტა რთულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ ეს მართლაც შესანიშნავ მეგობრობაში გადაიზარდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
