აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა Financial Times-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას და დასძინა, რომ „ამ საკითხს სწავლობენ“.
„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას. ჩვენ, როგორც წესი, ტექნიკის წარმოებაზე ლიცენზიებს არ გავცემთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ეს კომენტარი თეთრ სახლში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან სულ რაღაც ორ დღეში გააკეთა. ზელენსკიმ შეხვედრას „კარგი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ლიდერებმა Patriot-ის საზენიტო რაკეტების წარმოება და რამდენიმე სხვა იდეა განიხილეს.
ტრამპმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მისი ყურადღება უკრაინაში ომის დასრულებაზეა კონცენტრირებული და დასძინა, რომ მისი ორი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, უახლოეს დღეებში უკრაინას პირველად ეწვევიან.
„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში რუსეთთან ომი დასრულდეს“, – განაცხადა მან. „მე რაკეტებს არ ვეძებ. ჩვენ მშვიდობას ვეძებთ“.
