ლონდონში, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Palestine Action-ის მხარდამჭერ აქციაზე 117 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
დემონსტრანტები ლონდონის სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მე გენოციდს ვეწინააღმდეგები, მე Palestine Action-ს ვუჭერ მხარს“.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით, დაკავებულთა უმეტესობას ბრალად ედება აკრძალული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა ან მხარდაჭერა 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ორგანიზაციის აკრძალვის შემდეგ მხოლოდ Palestine Action-ის მხარდამჭერი პლაკატების ტარებისთვის 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ Palestine Action-ი 2025 წლის ივლისში მას შემდეგ აკრძალა, რაც ჯგუფის წევრებმა შეაღწიეს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე და სამხედრო თვითმფრინავები დააზიანეს. როგორც მედია წერს, აღნიშნული ჯგუფი ბრიტანეთის ხელისუფლებას ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილ ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.
