Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში ევროპელები ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გამოეყენებინა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაეწესებინა, თუმცა, შესაძლოა, მალე თავად ინანონ ამ მოწოდების გამო.
კანონპროექტმა, რომელიც ამჟამად აშშ-ის სენატში განიხილება და რომლის ოფიციალური მიზანი მოსკოვის ომის ფინანსური რესურსების შეზღუდვაა, შესაძლოა პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ახალი ინსტრუმენტი მისცეს, რათა მძიმე ტარიფები დაუწესოს როგორც მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს.
კანონპროექტის ინიციატორები თავდაპირველად უკრაინის აქტიური მხარდამჭერები – „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი და „დემოკრატი“ სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი იყვნენ. მათი მიზანი იყო ტრამპზე ზეწოლის მოხდენა, რათა მას კრემლის წინააღმდეგ სანქციები გაემკაცრებინა, თუმცა პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმას მუდმივად თავს არიდებდა.
გასულ თვეში გრემის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შეჩერებულ ინიციატივას ახალი იმპულსი მისცა. მისი კოლეგები სენატში ცდილობენ, კანონპროექტი მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტად აქციონ. თუმცა, დოკუმენტის მომავალი კვლავ გაურკვეველია, რადგან წარმომადგენელთა პალატა საზაფხულო არდადეგებზე გავიდა.
კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ფართო მასშტაბის პირველადი სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის რუსულ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების აკრძალვას. სანქციების სამიზნეები ასევე იქნებიან სახელმწიფო მოხელეები, ოლიგარქები და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები.
თუმცა, დოკუმენტს ახლავს სადავო ნაწილიც. ასე, მაგალითად, კანონპროექტის 113-ე მუხლი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, 100%-მდე ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების ყველა იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ან რუსეთის ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს შორის არიან, ან ხელს უწყობენ რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
სამიზნე გახდებიან ასევე ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის „ახალ შესყიდვებს“ განახორციელებენ. იმის განსაზღვრა, თუ რომელი ქვეყანა მოხვდება ამ კატეგორიაში, მთლიანად თეთრი სახლის უფლებამოსილება იქნება.
კანონპროექტის მხარდამჭერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ მეორადი ტარიფები ძირითადად ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რადგან სწორედ მათი რუსული წიაღისეული საწვავის მოხმარება ეხმარება მოსკოვს ომის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებაში.
თუმცა, ექსპერტები და მკვლევრები ამბობენ, რომ ამ დებულებამ შესაძლოა პრაქტიკაში გაცილებით ფართო და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. მათი შეფასებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებამ, ტერმინების ბუნდოვანმა განმარტებამ და კონგრესის არასაკმარისმა ზედამხედველობამ ტრამპს შესაძლოა, მისცეს შესაძლებლობა, მაღალი ტარიფების გამოყენებით შეცვალოს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების წესები.
