უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში ჩაძირეს რუსეთის კონტეინერმზიდი „იანინა“, რომელიც „როსატომს“ ეკუთვნის.
მისი თქმით, დარტყმები ასევე განხორციელდა ბაშკირეთში მდებარე რუსეთის სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურაზე.
კონტეინერმზიდ „იანინას“ ჩაძირვის შესახებ მანამდე „როსატომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა. მისი თქმით, გემზე მყოფმა ეკიპაჟის 17-ვე წევრმა დროულად დატოვა ხომალდი და გადარჩა. ლიხაჩოვი აღნიშნავს, რომ კონტეინერმზიდი „სამოქალაქო დანიშნულების“ იყო.
უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შესახებ თავდაპირველად ტელეგრამარხები იუწყებოდნენ. გამოცემა „ასტრას“ ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შემდეგ უფაში „ბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.
ბაშკირეთის ხელისუფლების განცხადებით, სამრეწველო ზონაში დრონის ნამსხვრევები ჩამოვარდა. ოფიციალური ინფორმაციით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად რეგიონში დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
