გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა. გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 691 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, სამუშაოები 17 მისამართზე ტარდება, რისთვისაც 479 500 ლარია გათვალისწინებული.
საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გლდანის ა მიკრორაიონის N59 კორპუსში, სადაც დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობის სახურავი ახლდება.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
კომენტარები
