ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, – ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დღეს დილით მათმა სათვალთვალო სისტემებმა მოლდოვას საჰაერო სივრციდან შესული საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რომელიც გალაციდან დაახლოებით 24 კილომეტრში ჩრდილოეთით მდებარეობდა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის 57-ე საჰაერო ბაზაზე საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, სამიზნესთან სარადარო კავშირი დაამყარა და ჩამოგდების ნებართვა მიიღო.
გამანადგურებელმა დრონი დილის 5:01 საათზე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის სოფლებს შორის მდებარეობს.
ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში დილის 5:20 საათზე გაუქმდა.
