სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურები დასრულდა.
სუს-ის მიერ გაშიფრული დანაშაულებრივი სქემა სისხლის სამართლის ორ საქმეს მოიცავს. პირველი საქმის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი და საქართველოს 4 მოქალაქე. ისინი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა გასდიოდა, 14 500 დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის უფლების მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, რის შემდეგაც ამავე მოქალაქეს 3 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაეხმარნენ, კანონის გვერდის ავლით გაეხანგრძლივებინა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
„ქრონიკა“ უფლებადამცველების ნაწილს გაესაუბრა. დაკავებულთა ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი ბრალს არ ეთანხმება. ადვოკატთა განცხადებით, მათ საქმის მასალები ახლახან გადაეცათ და შესაბამისად, დაცვის სტრატეგიაზე მათი შესწავლის შემდეგ ისაუბრებენ.
ამასთან, სისხლის სამართლის მეორე საქმის ფარგლებში დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. იგი თურქმენეთის მოქალაქეს, რომელსაც ასევე ეწურებოდა საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადა, 4 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა ქვეყნიდან გაყვანას და უკან შემოყვანას, რითაც მას ქვეყანაში ყოფნის კანონიერი ვადა გაუხანგრძლივდებოდა. დანაპირები ვერც ამ შემთხვევაში შესრულდა. დაკავებულმა თურქმენეთის მოქალაქეს წინასწარ 1000 დოლარი გამოართვა. ადვოკატების განცხადებით, იგი დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
