რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდებები რუსეთის ურთიერთობებს აშშ-სა და თურქეთთან სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
ზახაროვას განცხადებით, თურქეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მასშტაბური მიწოდების გარემოებები და პირობები “კვლავ უკიდურესად წინააღმდეგობრივია”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-სა და თურქეთის მცდელობები, ერთი მხრივ, სამშვიდობო რიტორიკა გამოიყენონ, ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინა იარაღით მოამარაგონ, “გარდაუვლად ძირს უთხრის ურთიერთნდობას”.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ თურქეთისგან შეიძინა 70 ბალისტიკური რაკეტა M39 ATACMS, 12 M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომლებიც GMLRS-ისა და ATACMS-ის რაკეტებს იყენებს, ასევე ათიათასობით კასეტური საბრძოლო მასალა.
აღინიშნა, რომ მათი გადაცემა აშშ-ს კონგრესის მიერ შესაბამისი შეტყობინებების განხილვის კანონით დადგენილი 15-დღიანი ვადის ამოწურვისთანავე იგეგმება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტები ამერიკელ კანონმდებლებს 3 აგვისტოს გადაუგზავნა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა, რომ მზად არის, ნება დართოს გადაცემას, რადგან ის აშშ-ს უსაფრთხოების მიზნებს შეესაბამება.
