რუსეთს აშშ-სთვის უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებში ვაშინგტონის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი არ წაუყენებია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი აშშ-თან ორმხრივი კონტაქტების დროს აყენებს საკითხს იმის შესახებ, უწევს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას მხარდაჭერას რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშებისთვის.
ლავროვის განცხადებით, ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფინანსურად, იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით კვლავ ეხმარება.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი შემთხვევა სამი-ოთხი იყო“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, როდესაც მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, რუსეთის მხარე დიპლომატიური არხებით მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და სთხოვს, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია.
„თუმცა, ვაშინგტონისგან პასუხი ჯერ არც ერთხელ მიგვიღია“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე ისაუბრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე.
მისი თქმით, რუსულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს შორის გარკვეული კომუნიკაცია მიმდინარეობს, თუმცა ეს პროცესი საჯაროდ არ განიხილება.
„სპეცსამსახურები ჩუმად მუშაობენ“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვში რეტკლიფისა და ვატიკანის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის ერთდროული ვიზიტები, მისი შეფასებით, მიუთითებს მათ სურვილზე, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკება გამართონ.
ამასთან, სერგეი ლავროვმა ინტერვიუში სომხეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გაკეთებული განცხადება შეაფასა. ლავროვის თქმით, ფაშინიანის განცხადება, რომ რეფერენდუმზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს, პასუხს მიიღებს და „სამოქმედო რუკა“ მომზადდება, სომხეთის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის მიმართ არც ისე დიდი ნდობის მაჩვენებელია.
„ჩემი აზრით, ეს სომხეთის ამომრჩევლებისა და სომეხი ხალხისადმი არც ისე დიდ ნდობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სომხეთის მოსახლეობას არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
„სწორედ უნდა აჩვენო არჩევანი: რას და რას შორის ირჩევ – როგორ ცხოვრობ ახლა, როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ ექვს მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ერთ-ერთ წელს კი 12 მილიარდი დოლარი შეადგინა“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, სომხეთის ეკონომიკური განვითარება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.
„ზოგადად, სომხეთი ევრაზიული ეკონომიკირი კავშირის ხარჯზე ვითარდებოდა“, – განაცხადა ლავროვმა.
