„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, – განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
„მან პირდაპირ და შეულამაზებლად ისაუბრა ბელგიის დედაქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე: წლის დასაწყისიდან დღემდე ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული 69 სროლის შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან შვიდი – გასულ კვირას. 2025 წლიდან დღემდე კი ასეთი ინციდენტების რიცხვმა 170-ს მიაღწია, რასაც 20-მდე აფეთქებაც ემატება“, – წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
უკვე, სულ მცირე, ორი წელია, რაც ბრიუსელში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული ძალადობის სტატისტიკა ყოველწლიურად სარეკორდო ნიშნულს აღწევს.
პრესკონფერენციაზე პროკურორმა აღიარა, რომ გამონაკლისი არც 2026 წელი იქნება. მან ჯერ კიდევ შარშან სცადა ომის გამოცხადება იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ნარკორეალიზაციის ტერიტორიების გადასანაწილებლად იბრძვიან და უკან არ იხევენ.
ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი თავდასხმა გასულ უქმეებზე ანდერლეხტის კომუნის პოლიციის განყოფილებაზე განხორციელდა: ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა შენობის მიმართულებით ავტომატური იარაღიდან ათზე მეტჯერ ისროლა.
მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, იგი მკაცრად დაგმეს და „მიუღებელი აქტი“ უწოდეს, როგორც ეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კინტენმა შეაფასა.
„ეს იყო პირდაპირი თავდასხმა სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – ასე დაახასიათა მომხდარი მუანილმაც.
„დასრულდება ეს? არ მგონია. დამშვიდდება ვითარება? არა. არსებობს თუ არა კიდევ ახალი სროლების რისკი? დიახ. არის ეს საფრთხის შემცველი მოქალაქეებისთვის? დიახ. გამოწვევა უზარმაზარია“, – გააფრთხილა საზოგადოება მუანილმა.
მისი თქმით, ამ ტენდენციის შეჩერებას დამატებითი რესურსები და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობა სჭირდება, რათა ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში დაჯგუფებების ლიდერების დაკავება გახდეს შესაძლებელი.
„სანამ საზღვარგარეთ მყოფ ქსელის ლიდერებს არ გავანეიტრალებთ, ძალადობის ეს ტალღა გაგრძელდება“, – ხაზგასმით აღნიშნა პროკურორმა.
მან თითქმის ზუსტად ერთი წლის წინაც გამართა ანალოგიური ბრიფინგი პრესისთვის, სადაც სწორედ დამატებით სამართლებრივ რესურსებს ითხოვდა. 12 თვის შემდეგაც კი, როგორც მან აღნიშნა, დახმარება კვლავ არ მიუღიათ: მხოლოდ კრიმინალურ პოლიციაში 80-ზე მეტი გამომძიებლის ვაკანსიაა.
ბრიუსელის პროკურორმა ციხეებში არსებული ვითარებაც გააკრიტიკა, სადაც დაკავებული ბანდის ლიდერები საკნებიდან აგრძელებენ ოპერაციების მართვას.
მან ასევე ხაზი გაუსვა თავდამსხმელთა უმრავლესობის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის სირთულეს, რადგან მათგან ბევრი არალეგალურ სტატუსში იმყოფება ან არასრულწლოვანია. მიუხედავად ყველაფრისა, მუანილმა დაიცვა პოლიციისა და მართლმსაჯულების ძალისხმევა, რისი წყალობითაც გასული წლიდან მოყოლებული 93 შემსრულებელი თუ მთავარი ორგანიზატორი დააკავეს და გასამართლეს, ასევე – 14 არასრულწლოვანი, ძირითადად ბელგიელები და ფრანგები.
