უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის როსტოვის ოლქში ელექტრონული კომერციის გიგანტის Ozon-ის კუთვნილ საწყობზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ დრონebის სამიზნე რუსეთის სამხრეთში, როსტოვის ოლქში, რამდენიმე ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, დრონმა Ozon-ის ლოგისტიკური ობიექტი დააზიანა, რის შედეგადაც მცირე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს.
„ობიექტზე ოპერაციები დროებით შევაჩერეთ, რათა საგანგებო სამსახურებმა ტერიტორია შეამოწმონ და სრულად უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ“, – ნათქვამია Ozon-ის განცხადებაში.
ამასთან ერთად, მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა როსტოვის ოლქის ქალაქ აქსაიში საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის მაღაზიათა ქსელ DNS-ის კუთვნილ საწყობზეც იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის განცხადებით, აქსაის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ობიექტზე იყო საუბარი.
მისივე ინფორმაციით, რეგიონზე განხორციელებული „მასშტაბური“ თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
