ნიდერლანდებში დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი სინთეზური ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის აბები აღმოაჩინეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტმა „წითელი განგაში“ გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ნიდერლანდების ნარკოდამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტმა დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი, პოტენციურად სასიკვდილო ექსტაზის აბების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.
უტრეხტში მდებარე ტრიმბოსის ინსტიტუტის ინფორმაციით, აგვისტოში ნარკოტესტირების ცენტრებში რამდენიმე ასეთი აბი ჩააბარეს. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი ქიმიურ ნივთიერება პარამეთოქსიმეთამფეტამინის ძალიან მაღალ კონცენტრაციას შეიცავდა.
„არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს აბი,“ – ნათქვამია ინსტიტუტის გაფრთხილებაში.
სპეციალისტების განცხადებით, ქიმიურმა ნივთიერება პარამეთოქსიმეთამფეტამინმა შესაძლოა, სხეულის გადახურება გამოიწვიოს, რაც მძიმე შემთხვევებში ფატალური შედეგით სრულდება.
ინსტიტუტმა აბების ფოტოებიც გაავრცელა. ერთ მხარეს დონალდ ტრამპის სახის გამოსახულება აქვთ, მეორე მხარეს კი დატანილია წარწერები „Trump“ და „NL“.
პარამეთოქსიმეთამფეტამინი ნივთიერებაა, რომელიც ექსტაზის მთავარი მოქმედი კომპონენტის მსგავსია. თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, პარამეთოქსიმეთამფეტამინის მოქმედება უფრო გვიან იწყება და მას ხშირად არ ახლავს გამოხატული მასტიმულირებელი ეფექტი, რაც ზედოზირების რისკს ზრდის.
ნიდერლანდებში სინთეზური ნარკოტიკული საშუალება ექსტაზის წარმოება, გაყიდვა და მოხმარება უკანონოა. თუმცა, 2024 წლის მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკი ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით წვეულებებსა და ფესტივალებზე. ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ექსტაზი, სულ მცირე, ერთხელ რეკორდულმა რაოდენობამ, დაახლოებით 550 000 ადამიანმა მიიღო.
როგორც „ბიბისი“ წერს, დონალდ ტრამპის გამოსახულება ექსტაზის აბების დიზაინისთვის პირველად არ გამოუყენებიათ. 2017 წელს გერმანიის პოლიციამ დაახლოებით 5000 სტაფილოსფერი ექსტაზის აბი ამოიღო, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის თავის ფორმის იყო.
