4 დღე ნანგრევებში – 4 წლის ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენა – ნეპალის პოლიციამ მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენა მოახერხა.
მაშველებმა გადაარჩინეს კიდევ ერთი ადამიანი – ნანგრევებში მანაც თითქმის 4 დღე გაატარა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკა უკვე დატოვა კიდევ ერთმა გადარჩენილმა, რომელმაც სტიქიის ღამე ჟურნალისტებთან გაიხსენა.
ნეპალისა და ჩინეთის მაშველები ნანგრევებში მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ბოლო მონაცემებით, ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი სტიქიის შედეგად, ორივე მხარეს, დაკარგულად 3 000-ზე მეტი ადამიანი ითვლება.
ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 750-ს გადააჭარბა. ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში, მხოლოდ ნეპალში, მაშველებმა 4 451 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ნეპალისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას ზრდის როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე პარტნიორი ქვეყნები. ადგილობრივებისთვის საკვები და სამედიცინო მარაგები ჩააქვთ. თავშესაფრები გახსნილია სტიქიის ზონასა და დედაქალაქ კატმანდუში.
ჩინეთი სტიქიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს. ბოლო ინფორმაციით, ძლიერი წყალდიდობა მეწყერს მოჰყვა.
დამანგრეველი სტიქია ნეპალი-ტიბეტის საზღვარზე 26 აგვისტოს მოხდა. მთებიდან წამოსულმა ღვარცოფმა სახლები, ავტომობილები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები გაანადგურა. ადამიანური დანაკარგის პარალელურად, ბოლო მონაცემებით, ფინანსური ზარალი 5 მილიარდ დოლარზე მეტია.
