რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.
„ჩვენ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკა ამ შესაძლო გადაწყვეტილებების შესაბამისად უნდა შევასწოროთ და გთხოვდით, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეთ ამ საკითხზე“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უკეთესი.
„ზოგიერთი რამ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეგულირების საკითხები, სხვადასხვა ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების რეგულირების საკითხები – ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირში აბსოლუტურად არ ემთხვევა ერთმანეთს“, – დასძინა მან.
