საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებული ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავების გამოყენებით, მალულად შემოიტანა 1851 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 411 962 ლარს შეადგენს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
