უკრაინულ „ეფ 16“-ებს „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტები აკლიათ, რაც პილოტებს ქვემეხებიდან სროლას აიძულებს რუსული საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ნიუს მაქსის“ ჟურნალისტის, შელბი უაილდერის თქმით, უკრაინის საჰაერო ძალები აკონტროლებენ რაკეტების გადაზიდვებს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას და ითვლიან არა მხოლოდ საათებს, არამედ წუთებსაც კი, ვიდრე იარაღი მათ თვითმფრინავებამდე მიაღწევს. მთავარი საზრუნავი ის არის, დროულად მიაღწევენ თუ არა რაკეტები რუსეთის შემდეგი მასშტაბური თავდასხმისთვის.
გამოცემას უკრაინელმა მეთაურმა, სახელწოდებით „ფანტომი“, თავი 107-ე ბრიგადის მეთაურად გააცნო და პრობლემა პირდაპირ დაადასტურა: „დიახ, ეს სიმართლეა. ნებისმიერი თვითმფრინავი იარაღის გარეშე უსარგებლოა“.
როგორც ამბობენ, „ეფ 16“ ტიპის გამანადგურებლები უკრაინის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ. ისინი რუსულ დრონებსა და ფრთოსან რაკეტებზე ნადირობენ და ასევე შეუძლიათ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების წინააღმდეგ ბრძოლა.
გამცოემა წერს, რომ უკრაინა „ეფ 16“- ებს 2024 წლის ზაფხულიდან იყენებს, რომელიც ძირითადად შეიარაღებულია AIM-120 AMRAAM საშუალო რადიუსის „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტით და AIM-9 Sidewinder მოკლე რადიუსის „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტით.
„ეს რაკეტები ამჟამად დეფიციტურია – ისინი საქონლად იქცა, რომლის ხელმისაწვდომობაც საბრძოლო გაფრენის შესრულებას განსაზღვრავს. როდესაც რაკეტები დეფიციტურია, პილოტები ბორტზე დამონტაჟებული ქვემეხის გამოყენებას მიმართავენ, თუმცა ეს გაცილებით სარისკო ტაქტიკაა, განსაკუთრებით პატარა, ნელი სამიზნეების წინააღმდეგ და ღამით. 2025 წლის მაისში უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ „ეფ 16“ – ის პილოტმა ქვემეხით სამი სამიზნე გაანადგურა, რის შემდეგ საგანგებო სიტუაციის გამო იძულებული გახდა კატაპულტირება განეხორციელებინა“, – წერს „ნიუს მაქსი“.
