ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სეუტის კრიზისთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ დებატებზე მაროკოს შესახებ რიტორიკა შეცვალა, – წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ესმის იმ მოქალაქეების, რომელთაც სჯერათ, რომ მიგრანტების მასობრივი ნაკადის უკან რაბათი დგას და ეს ვერსია ბოლომდე არ გამოურიცხავს.
თუმცა, სანჩესის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო მტკიცებულებები არ არსებობს, რადგან დაზვერვის არცერთ სამსახურს კონკრეტული დასკვნა არ წარუდგენია, რის გამოც მთავრობა გამოძიების შედეგებს ელოდება.
სანჩესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაროკოსთან პირდაპირ დაპირისპირებას მძიმე, უმართავი შედეგები მოჰყვება, რის გამოც ნებისმიერი გადაწყვეტილება მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს.
„რაბათის მონაწილეობის მტკიცებულებები რომ არსებობდეს, შესაბამისად ვიმოქმედებდით. ამ მთავრობას არ ეშინია უცხოურ სახელმწიფოებთან დაპირისპირების, თუმცა ჩვენ მხოლოდ დადასტურებული ფაქტებით ვიმოქმედებთ. სხვებმა ყალბი მტკიცებულებებით ომში ჩაგვითრიეს“, – განაცხადა სანჩესმა ხოსე მარია ასნარსა და ერაყის ომზე მინიშნებით.
ესპანეთის პრემიერმა ღიად გააკრიტიკა ყოფილი პრემიერი ასნარი კუნძულ პერეხილის კრიზისის სიამაყით ხსენების გამო და აღნიშნა, რომ ეს სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება.
