დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი – „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობას, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება და ინვესტორებს მადლობა გადაუხადა.
„16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური ტერიტორია უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავიავილების სარეზიდენციო დასახლება მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ჩვენს ახალგაზრდობას – აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ. მინდა, განსაკუთრებით მივესალმო გამოცდილი ევროპელი მფრინავების 30-ამდე ეკიპაჟს, რომლებიც ჩამობრძანდნენ საქართველოში. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს, ინვესტორებს – ბუბა ქებურიას, თორნიკე ქებურიას და ამბასადორის საავიაციო სოფელს წარმატებები უსურვა.
ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი გოჩა კამკია, საქართველოს საპატიო კონსული ლუქსემბურგში, მფრინავი პიტერ სოდერმანსი და საავიაციო სოფლის გენერალური მენეჯერი ნიკიტა რაეჩი.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და ამბასადორის საავიაციო სოფელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიების სტუმრები ასევე დაესწრნენ ავიაშოუს, რომელიც საავიაციო სოფლის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით გაიმართა.































