„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის და პარტია „ახლის“ წარმომადგენელის, თენგო თევზაძის თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ანა წითლიძის უსაფუძვლო განცხადებებს სერიოზულ ყურადღებას ვერ მიაქცევს.
მისივე განმარტებით, იაგო ხვიჩიასთან ერთად, ანა წითლიძის ამოცანაა, ქართულ პროდასავლურ ძალებში დაპირისპირება შეიტანოს.
„ზღაპრებს დიდ ყურადღებას ვერ მივაქცევ, ანა წითლიძემ და ჩემმა მეზობელმა რა თქვა, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ანა წითლიძეს რომ შეფასება და რაღაც საფუძვლები ჰქონოდა, პასუხს გავცემდი, რადგან ოპოზიციური პარტიის წევრია, მაგრამ ეს არ არის შეფასება და ბრალდება, ეს არის, ჩვენ რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, როგორ გათხარა ანა წითლიძემ გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე, ეს არასერიოზული იქნება. არასერიოზულ ლაპარაკს, იაგო ხვიჩიასთან ერთად დაგეგმილ სტრატეგიაზე აყოლას არ ვაპირებ. უახლოეს პერიოდში გაცხადდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და იაგო ხვიჩიას „გირჩი“ იქნება კოალიცია. ნიკა გვარამიამ რანაირად დაშალა ოპოზიცია, აბსურდულია, ეს არის ის, რომ ისინი დამარცხდნენ. როგორც ვიცი, მათ აქვთ რეიტინგები, ყველაფერს უყურებენ და ეს პარტია იქცევა ისე, როგორც იაგო ხვიჩია. არ არის მნიშვნელოვანი, რა პოზიცია აქვს ანა წითლიძეს, თან არ აქვს არანაირი ფაქტი და შეგვიძლია, უსასრულოდ ვიჭორაოთ ამ თემაზე“, – აღნიშნა თენგო თევზაძემ.
ამასთან, თენგო თევზაძე ამბობს, რომ გილაურთან და 40 მილიონთან დაკავშირებით განცხადებებიც ჭორაობაა.
„40 მილიონი დოლარი რომ გვქონოდა, ჩვენ ვიქნებოდით ხელისუფლებაში და „ნაციონალური მოძრაობას“ ექნებოდა დაახლოებით, 5-7 პროცენტი. აქედან გამომდინარე, ვერანაირ 40 მილიონზე საუბარი ვერ იქნება და ჭორაობაა. მართლა მაინტერესებს, 40 მილიონ დოლარამდე საერთოდ თვლა იცის? რაც შეეხება გილაურს, ჩვენ რომ გვდომოდა ვინმეს პრემიერ-მინისტრად დასახელება, წინასაარჩევნო პერიოდში დავასახელებდით, ანი წითლიძის ნამდვილად არ შეგვეშინდებოდა. ერთი ადამიანიც კი არ ყოფილა გილაურის მხრიდან ჩვენს საპარლამენტო სიაში“, – განაცხადა თენგო თევზაძემ.
