ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ – ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის. – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
ჭეიშვილი სპეკულაციას უწოდებს ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას.
„ჩვენ პოლიტიკურად არავის ვდევნით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ალბათ, პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გააგრძელებს პოლიტიკაში მოღვაწეობას, მაგრამ ნებისმიერი ის განცხადება, რასაც დღემდე აკეთებს, არის სპეკულაცია. ჩვენ არავის ვდევნით, არავის ვაშანტაჟებთ. რასაც ის საუბრობს, მხოლოდ მისი წარმოდგენებია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის. ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სამართლიანად იხდის სასჯელს,” – განაცხადა ჭეიშვილმა.
