კალიუმის სასუქის მიწოდების სანაცვლოდ ბელარუსისთვის გადასახდელი მილიონობით დოლარი ამერიკულ ბანკშია გაყინული – ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ თანხების დაბრუნება მოითხოვა. ამის შესახებ BelTA იუწყება.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ქვეყანა ამჟამად აშშ-ს სასუქით ამარაგებს, თუმცა ვაჭრობის კუთხით გარკვეული სირთულეები არსებობს. ბელარუსი ვერ ახერხებს დიდი მოცულობის ტვირთის დაუყოვნებლივ გაგზავნას, თუმცა ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია დიდი პარტია.
„მათთან მიმდინარე წლისთვის უკვე გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება, მომავალი წლის საკითხს კი მოგვიანებით განვიხილავთ. ახლა გაჩნდა გემის დატვირთვის შესაძლებლობა – დატვირთვას, სავარაუდოდ, ხვალ დავასრულებთ – ასე რომ, თამამად წაიღეთ ტვირთი. თუმცა, დავალიანებაც უნდა დაფაროთ. Citibank-ში გაყინულია 43–44 მილიონი დოლარი – თანხა, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიას უნდა გადმოერიცხა. ეს თანხა მდიდარ ამერიკაშია გაჭედილი. გთხოვთ, დაგვიბრუნოთ ეს ფული“, – განმარტა პრეზიდენტმა.
