ირანი დღეს შეერთებულ შტატებსა და ისრაელს წინააღმდეგობას თუ უწევს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ ჩვენი დაჩაგვრა სურთ, ჩვენ კი უარს ვამბობთ ჩაგვრასა და დამორჩილებაზე, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ფეზეშქიანის თქმით, ისინი „იგივე ეშმაკები არიან, ვინც ირანს ტერორიზმში ადანაშაულებს“.
„ჩვენ ვართ ტერორისტები, თუ თქვენ, ვინც თვალის დახამხამებაში 168 უდანაშაულო ბავშვს ხოცავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინავე ტექნოლოგიები გაქვთ? ჩვენ ვართ ტერორისტები, თუ თქვენ, ვინც ბომბავთ და ანადგურებთ უნივერსიტეტებს, მეცნიერებსა და ადამიანებს? ისინი თუ ომის კაცები არიან, მაშინ ბრძოლის ველზე უნდა იბრძოლონ. რა საქმე აქვთ მათ ხალხის ინფრასტრუქტურასთან, პურთან და საარსებო საშუალებებთან – რატომ ანადგურებენ მათ? ისინი თუ ადამიანები არიან, რატომ უზღუდავენ ხალხს წყალზე, საკვებზე, პურსა და კომუნიკაციებზე წვდომას? იმიტომ, რომ ირანელ ხალხს ჩაგვრით დანებებას ვერ აიძულებენ. მათ სურთ, დეფიციტითა და კომუნიკაციების გათიშვით აიძულონ, დანებდნენ, მაგრამ ირანელი ხალხი არ დანებდება. ეს არის დასკვნა, რომლამდეც ჩვენი ადამიანური და რელიგიური შეხედულებების საფუძველზე მივედით. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანები ვართ და გვჯერა, ამ სამყაროში მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები – არც მეტი და არც ნაკლები“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ირანი დამოუკიდებელი დარჩეს.
„ის (აშშ) ყველაფერს აკეთებს, რათა ხელი შეგვიშალოს ჩვენი ხალხის სამსახურში, შემდეგ კი უთხრას მათ: „ხედავთ? ამის გაკეთება არ შეუძლიათ, ისინი იტყუებიან“. სწორედ ასე სურთ ჩვენს ქვეყანაზე თავიანთი ბოროტი მიზნების თავს მოხვევა. ამაში სხვა არაფერია. მას შემდეგ, რაც ჩვენმა რევოლუციამ გაიმარჯვა, ისინი დღითი დღე აძლიერებენ ომს, განხეთქილებასა და სანქციებს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. მათ სურთ, ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოებისა და განხეთქილების შექმნით მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ყველა ადამიანი თანასწორია, ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები აქვს და შეუძლია, სხვებთან ერთად იცხოვროს სამართლიანობისა და თანასწორობის პირობებში. ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა და რაც მათ არ სურთ. ვინ თქვა, რომ მსოფლიოს რომელიმე მთავრობას აქვს უფლება, სხვა მთავრობებს აიძულოს, დაემორჩილონ მის ბოროტ მიზნებს? რატომ? ვინ თქვა, რომ ერთმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მთელი მსოფლიოს ბედი, მაშინ, როცა სხვებს არანაირი უფლება არ აქვთ და ვალდებული არიან, ყველაფერში დაემორჩილონ მის სურვილს. ეს არის ის, რასაც ჩვენ არ მივიღებთ და სწორედ ამისთვის ვიხდით საფასურს. ჩვენ რადგან ცოცხლები ვართ და ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისკენ ვისწრაფვით, არ მოვიხრით ქედს ჩაგვრის, ტირანიისა და დაშინების წინაშე. მათ ამაზე მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
