რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ოქტომბერში განახლდეს.
„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.
სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აბუ-დაბის ტახტის მემკვიდრე პრინცს, შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ალ ნაჰაიანის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება აბუ-დაბის მოლაპარაკებებისთვის „სრულად მისაღებ“ პლატფორმად მიიჩნევს.
მოლაპარაკებების ოქტომბერში შესაძლო განახლების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმაც განაცხადა.
სექტემბრის დასაწყისში მოსკოვსა და კიევს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვივნენ. მათ აღნიშნეს, რომ შეერთებულ შტატებს სურს მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატს დაუბრუნდეს. უიტკოფმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მოლაპარაკებების შესახებ შესაძლოა „უახლოეს მომავალში“ გამოცხადდეს.
აბუ-დაბიში 2026 წელს რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მონაწილეობით მოლაპარაკებები უკვე გაიმართა. პირველი რაუნდი 23-24 იანვარს ჩატარდა, მეორე კი 4-5 თებერვალს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი (17-18 თებერვალი) ჟენევაში შედგა.
