ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ მათი პარტიის მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.
წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.
„ძალიან მაღალი ენერგო გადასახადები, ასევე საცხოვრისის თანხები, ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს. დღეს გერმანიაში გამოაცხადეს, რომ მოსწავლეებს სკოლაში კითხვა, წერა, მათემატიკაც უჭირთ. ანუ, ამომრჩეველმა ახალ პარტიას მისცა ხმა“, – აღნიშნა ირმჰილდ ბოსდორფმა.
მან კონკრეტულად ისაუბრა, თუ რა შეიცვალა ბოლო ოთხ წელიწადში მოსახლეობის განწყობაში, რის შედეგადაც AfD-ს 23%-იანი ზრდა აქვს.
„ვფიქრობ, ჩვენი პარტიის დიდი ცვლილება გახლავთ ის, რომ ე.წ. ცეცხლის კედელი აშენდა „ქრისტიან-დემოკრატების“ მხრიდან და განცხადებული იყო, რომ ჩვენს პარტიასთან არავინ უნდა ითანამშრომლოს, რადგან ჩვენ ვართ ულტრამემარჯვენეები. მაგრამ, მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებს და მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ ჩვენ ვართ საუკეთესო პარტია – AfD საუკეთესო პარტიაა. ძველმა, ისტორიულმა და ტრადიციულმა პარტიებმა ვერ მოაგვარეს პრობლემები. პირიქით, გერმანიაში პრობლემების რაოდენობა გაიზარდა“, – განაცხადა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.
