თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე დღევანდელი მოხსენება უფრო პროფესიული მიმართულებით იყო წარმოდგენილი, მის მოხსენებაშიც ჩანდა, რომ იგი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მან ძალიან შინაარსიანად წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მას ამ უწყებაში წლების განმავლობაში აქვს ნამუშევარი და თითქმის ყველა გამოწვევა იცის, ნაფიქრი აქვს ამაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კარგი და მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. კარგი და მისასალმებელი იქნება, თუ იგი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამსახურის განვითარებისთვის და იმ სტრატეგიებისთვის, რომლებიც დაგეგმილი აქვთ. ვუსურვებ მას, რომ ეს მოვალეობა სწორედ თავისი უფლებამოსილების ვადებში შეასრულოს. ყოველთვის ვამბობ, რომ ცვლილებები სისტემისთვის ეს კარგი არ არის, მაგრამ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით, თუ მათ ასე აქვთ განსაზღვრული. მთავარი ერთი რამე – დღევანდელ ხელისუფლებასა და ჩვენს გუნდს გააჩნია ის შესაძლებლობები და ჰყავს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მეშვეობითაც როტაცია ყოველთვის ხდება. ჩვენ ყოველთვის ვანაცვლებთ კადრებს იმ იმედით, რომ ესა თუ ის მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება. ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად გვაქვს“, – განაცხადა ტაბატაძემ.
