მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ორბიტაზე იარაღის განთავსება აღიარა, ჩინეთმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა კოსმოსში სამხედრო პოტენციალის ზრდის შეჩერებისკენ, ხოლო ჩინური სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ ნაბიჯმა შესაძლოა გლობალური შეიარაღების რბოლა გამოიწვიოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კუო ძიაქუნიმ განაცხადა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება კოსმოსის მილიტარიზაციასა და მის საბრძოლო მოქმედებების ზონად გადაქცევას.
სამშაბათს, 15 სექტემბერს გამართულ პრესბრიფინგზე კუომ განაცხადა, რომ ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს კოსმოსში სამხედრო ძალების გაფართოება და კონკრეტული ქმედებებით დაიცვას გლობალური სტრატეგიული სტაბილურობა.
ჩინეთის სახელმწიფო მხარდაჭერით მოქმედი გამოცემა Global Times-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია, რომ ამ ფაქტის გამჟღავნებამ გამოააშკარავა ვაშინგტონის სწრაფვა “კოსმოსური ჰეგემონიისკენ” და შექმნა კოსმოსში შეიარაღების გლობალური შეჯიბრების გაღვივების საფრთხე.
ჩინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, სუნგ ჭუნგფინგმა გაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ ეს აღიარება მოწმობს გადასვლას კოსმოსური ობიექტების უბრალო დაცვიდან და მიწისზედა ანტიკოსმოსურ სისტემებზე დაყრდნობიდან, უშუალოდ ორბიტაზე იარაღის განთავსებაზე.
“თუ აშშ ამ გზას გააგრძელებს, სხვა ქვეყნები შესაძლოა იძულებული გახდნენ, საპასუხო ზომები მიიღონ”, – განაცხადა სუნგმა.
გასულ კვირას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “სინხუამ”, აშშ-ის ორბიტალური სამხედრო წვრთნების ანალიზისას, შეაფასა, რომ ვაშინგტონის სწრაფვა ამ სფეროს მილიტარიზაციისკენ უსაფრთხოების დილემის შექმნის რისკს აჩენს, რაც სხვა ქვეყნებს კოსმოსური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას აიძულებს, ეს კი შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა შემდგომში ახალ საფრთხედ აღიქვას.
ცნობისთვის, აშშ-ს კოსმოსური ძალები 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, შეიქმნა და საჰაერო ძალების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.
ორშაბათს, 14 სექტემბერს აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით, კოსმოსური ძალები მას მოწინააღმდეგისგან ამერიკელი სამხედროების დასაცავად გამოიყენებს.საჰაერო ძალების მდივნის თქმით, იარაღის არსებობის საჯაროდ აღიარება შეკავების პოლიტიკის მიზანს ემსახურება.
