ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის თვალსაზრისს, რომ ხელისუფლება გავიდა დემოკრატიული ჩარჩოებიდან, რომ კონსტრუქციულ ჩარჩოებში ყოფნის საშუალებას მთელი რიგი კანონპროექტები აღარ აძლევთ.
„მთავრობა არ ყოფილა, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა მოაწყო, რომელმაც რევოლუციური სცენარები მოაწყო, რომელიც უცხოური დაფინანსებით ცდილობდა აქ რევოლუციური სცენარების დადგმას. პასუხისმგებლობის ისრების სხვაზე გადატანაა, რომ – მე არაფერ შუაში ვარ, მთავრობის ბრალია, საარჩევნო კოდექსის და წესების ბრალია, ყველაფრის ბრალია, გარდა საკუთარი თავისა. სანამ ამის გადააზრება არ იქნება ოპოზიციურ ფლანგზე, სანამ ამ პასუხისმგებლობის გააზრება არ იქნება, არ მაქვს იმედი, რომ გაჩნდეს ჯანსაღი ძალა.
რამდენადაც არალოგიკურად არ უნდა ეჩვენოს ვიღაცას ეს აურზაური, სრულიად ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციურ ფლანგზე, ვგულისხმობ ამ დაპირისპირებას. სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ, მე ის მიკვირს, აქამდე რომ არ მოხდა ეს პროცესი, თუმცა გასაგებია, რადგან პირდაპირ დაერთებული იყვნენ უცხოურ ფინანსებზე. ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი.
მთელი ამ „სანტა ბარბარას“ უკან არის მარტივი რაღაც – ურთიერთბრალდებების წყარო არის ის უპასუხისმგებლობა, რაც აქამდე ვიხილეთ. ახლა ცდილობენ ერთმანეთს ხელი შეაწმინდონ და ეს მძიმე წარსული ჩააბარონ წარსულს. ცდილობენ ასე ერთმანეთის გაწირვას, თორემ რა მოსყიდვაზეა საუბარი, ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობის ცირკს ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე“, – აღნიშნა მახაშვილმა.
