უსაფრთხოების დაცვა, ეროვნული ინტერესები და შენარჩუნებული მშვიდობა – აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს გარშემო არსებული არასტაბილური გარემო მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, რაც მისივე შეფასებით, მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტია.
პაპუაშვილმა, ასევე ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებენ და ამით, როგორც ის აცხადებს, საკუთარ მოქალაქეობას აკნინებენ.
„ფაქტები იზომება შედეგებით, თუ რა შედეგები გვაქვს ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გვაქვს კონფლიქტები. ჩვენს გარშემო არასტაბილური გარემო სწორედ ამ საფრთხის ეპიცენტრში გვაქცევს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიები და იქიდან მომავალი საფრთხეები, როდესაც ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთ მავნე ქმედებას და ქცევას, მაგალითად, ჩვენს არჩევნებში ჩარევას. საქართველო გაუმკლავდა ყველა მათგანს.
თუკი დავხედავთ ჩვენ რუსეთის, უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის ცას, ზუსტად პირდაპირ ჩანს, გაზომვა შეიძლება ამის, თუ რა არის ფასი ომის და კონფლიქტის, ეს ყველაფერი ავარიდეთ [ქვეყანას]. ჩვენ მშვიდობის კუნძული აღმოვჩნდით იმ მართლაც შეშლილ სამყაროში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. სწორედ ის, რომ ჩვენი ინტერესებით ვმოქმედებთ, აღმოჩნდა მშვიდობის შენარჩუნების მთავარი რეცეპტი.
ხომ მართლა ტრუიზმია იმაზე საუბარი, რომ შენს ინტერესებს თუ მისდევ, ეს უკეთესია შენი ქვეყნისთვის და არ უნდა იფიქრო სხვის ინტერესებზე. დღემდე უცხო ქვეყნის დროშებით დადიან საქართველოს მოქალაქეები, ამით ამაყობენ, ვერც იაზრებენ, რომ ამით საკუთარ მოქალაქეობას აკნინებენ, როდესაც სხვა ქვეყნის დროშები არის მათთვის განმსაზღვრელი, სხვა ქვეყნის ჰიმნები, სლოგანები, შეძახილები და ასე შემდეგ და ამას აყენებენ საკუთარი ქვეყნის დროშაზე და ჰიმნზე ზემოთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
