საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისა და აქტივისტ გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებას მედიასთან ეხმიანება.
მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ფაქტით რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ.
„რადიკალებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, სად იმყოფებიან – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. მათთვის სიძულვილის ენა, ლექსიკა, რომელიც არ შეესაბამება ადამიანების ნორმალურ ურთიერთობას, სრულიად მისაღებია.
ამ კონკრეტული ფაქტითაც ბოლომდე გაიშიფრნენ რადიკალები, მათი რეალური სახეა, რომ არ აინტერესებთ ქვეყანა, არ აინტერესებთ, სად არიან, არ აინტერესებთ საკანონმდებლო სივრცეები. მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია“, – აღნიშნავს მათიკაშვილი.
ნატა ფერაძესა და გერმანიაში მცხოვრებ აქტივისტ გიორგი ჩუბინიძეს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
