თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების გაუქმებისა და მისი სტრუქტურის რეფორმირებისკენ მოუწოდა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ მას „ბოლო წლების ტრაგედიებმა“ აჩვენა, რომ გლობალური კრიზისების გადასაჭრელად უფლებამოსილების დელეგირება რამდენიმე დედაქალაქის ნებაზე თანამედროვე სამყაროს რეალობას აღარ შეესაბამება.
„გლობალური გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების თანამედროვე გარემოებებთან ადაპტაციის გადადება აღარ შეიძლება. გაერო-ს უშიშროების საბჭო კვლავ ასახავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის სტრუქტურას“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ერდოღანი მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობისადმი უფრო „ეფექტური, სამართლიანი და ანგარიშვალდებული“ მიდგომა გადაუდებელ აუცილებლობად იქცა. მისი თქმით, ეს მოითხოვს არა მხოლოდ გაფართოებულ წარმომადგენლობას, არამედ ლიდერობის პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებასაც.
თურქეთის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ გენერალურ ასამბლეაში ფართო კოალიცია უნდა შეიქმნას იმ პრინციპის საფუძველზე, რომ არცერთ სახელმწიფოს „არ უნდა ჰქონდეს უფლება, სამუდამოდ ჩაშალოს საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის ნება“.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომლის ძირითადი ფუნქციაა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. მას შეუძლია მიიღოს სავალდებულო რეზოლუციები, დააწესოს სანქციები, დაამტკიცოს სამშვიდობო მისიები და, საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაცია გასცეს სამხედრო ძალის გამოყენებაზე. საბჭო შედგება 15 წევრისგან: ხუთი მუდმივი წევრი – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი, რომლებსაც აქვთ ვეტოს უფლება, და ათი არამუდმივი წევრი, რომლებიც აირჩევიან გენერალური ასამბლეის მიერ ორწლიანი ვადით, გეოგრაფიული განაწილების პრინციპის გათვალისწინებით.
