ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და ჩინელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და უწყვეტი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უსურვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
„საქართველოსა და ჩინეთს სამ ათწლეულზე მეტია მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები აკავშირებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. 2023 წელს ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, ხოლო მიმდინარე წელს კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, ივნისში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ ერთობლივად განვაცხადეთ. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება ასახავს ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის ორივე ქვეყანას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.







