სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯე-მიონგის განცხადებით, თუ უკრაინა საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ გაამჟღავნა ინფორმაცია სამხრეთ კორეაში ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გადაყვანის შესახებ, სამხრეთ კორეა „შემდგომ ზომებს“ მიმართავს.
ამასთან, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს ეს ზომები.
როგორც ლი ჯე-მიონგმა აღნიშნა, საკითხი „კორეელი ხალხისა და ერის ღირსებას“ ეხება.
„ჩვენ სერიოზულ მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ შეთანხმების ფაქტის აღიარებისა და ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ისინი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მოახლოებულ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობენ“, – დაწერა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე სამხრეთ კორეაში გადაიყვანეს. ინფორმაციამ სეულის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მომხდარს „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ კიევი სიტუაციის მოსაგვარებლად მუშაობს.
„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. სამხრეთ კორეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ იმპულსის შენარჩუნებას, თანამშრომლობის გაგრძელებას და კონკრეტული შედეგების მიღწევას, რასაც მათთან ერთად ნამდვილად ვაღწევთ“, – განაცხადა სიბიგამ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სწორედ უკრაინამ მოითხოვა, რომ ორი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩრდილოკორეელი სამხედროების ოჯახების დაცვა იყო. საპასუხოდ, ზელენსკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ასეთი შეთანხმება არ არსებობდა, რამაც უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა.
