საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. კოლეგებს შორის შეხვედრა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ შუშაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მზაობაზე, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ და გლობალურ კონტექსტში ქვეყნების სტრატეგიულ როლზე.
ირაკლი ჩიქოვანმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა ორმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის გეგმის განხორციელების დეტალები განიხილეს. აღინიშნა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სწავლებებში ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა.
მხარეებმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატით ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების, ექსპერტთა შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი, ასევე შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრები სამმხრივ ფორმატშიც გამართეს.
მომავალ წელს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.
