წინასწარი შედეგებით, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
„თითოეულ ამომრჩეველს პირველ რიგში მინდა, გადავუხადო მადლობა მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის. დაიხურა უბანი 20:00 საათზე, ცუდი ამბების გარეშე და ჩატარდა არჩევნები ნორმის ფარგლებში, წესების დაცვით. ჩვენი იმედი გამართლდა – მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს ამომრჩევლებმა და, რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ უმრავლესობით და ხმიებს მაღალი რაოდენობით“, – განაცხადა ახმეტაში მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ითიურიძემ.
„ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათი პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
„საარჩევნო დღეს მშვიდობიანად ჩაიარა. მადლობა მოვახსენებ მოსახლეობას ნდობის გამოცხადებისთვის. გარკვეულწილად ვიცნობ მათ პრობლემებს, უფრო ღრმად გავეცნობი სამოქმედო პერიოდში და ვიმუშავებ მათი პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა მან.
„მადლობა ჩემს ამომრჩეველს. იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს გავამართლებ“, – აღნიშნა წალკის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ.
„ძალიან კარგი შედეგი დავდეთ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სოფლის მოსახლეობას. მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავამართლო მათი იმედები და წარმატებები მინდა ვუსურვო ამ სოფლის თითოეულ მცხოვრებს“, – განაცხადა ვანის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვაჟა სირაძემ.
